სოფლის მეურნეობას ქვემო ქართლის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და
რეგიონში წარმოებულ დამატებულ ღირებულებაში მისი წილი 19%-ია. რეგიონში სოფლის
მეურნეობაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 338,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24,6%-ით
აღემატება 2010 წლის (271,6 მლნ ლარი), ხოლო 47,4%-ით - 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
(229,5 მლნ ლარი). ამ დარგში რეგიონის მოსახლეობის 29%, ხოლო სოფლის მოსახლეობის 47,8% -
148 ათასი ადამიანია დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ, ძირითადად, ისინი თვითდასაქმებულთა
კატეგორიას განეკუთვნებიან და თავიანთ ოჯახურ მეურნეობებში საქმიანობენ, დედაქალაქთან
და მეზობელ სახელმწიფოებთან სიახლოვის გამო, საკმაოდ წარმატებით ახერხებენ საადრეო
კარტოფილით, ბოსტნეულითა და მეცხოველეობის სხვადასხვა პროდუქტით ბაზრის ათვისებას.
რეგიონის კლიმატური პირობები განსაკუთრებით ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის პროდუქციის
წარმოებისთვის. მოსავლის მიღება შესაძლებელია წელიწადში 2-3-ჯერ, რაც განაპირობებს ქვემო
ქართლის მაღალ კონკურენტუნარიანობას სხვა რეგიონებთან შედარებით.
სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი. რეგიონის ნიადაგსაფარი საკმაოდ მრავალფეროვანი
ტიპის ნიადაგებით არის წარმოდგენილი: ზღვის დონიდან 1000-1800 მ-ზე არსებულ ტყის ფერდობზე
ძირითადად მცირე და საშუალო სისქის ყომრალი ნიადაგებია. ვულკანურ პლატოზე, ზ.დ. 1200 მ-ზე
მაღლა მთის შავმიწანიადაგები, ხოლო შედარებით დაბლა - ყავისფერი ნიადაგებია გავრცელებული.
ზ.დ. 1800-2000 მ-ზე მაღლა გაბატონებულია მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები. რეგიონის ტერიტორიაზე
ლოკალური გავრცელებით აგრეთვე გამოირჩევა ალუვიური და ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები.
ყავისფერი ნიადაგები გავრცელებულია მთა-ტყეთა ზონის ქვედა ნაწილში, ზღვის დონიდან 700-1200მ-
ის ფარგლებში - ინტენსიური მიწათმოქმედების ზოლში. რეგიონის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ
ნაწილში გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ციცაბო ფერდობებსა და თხემებზე
ჭარბობს მცირე სისქის სუსტად განვითარებული, ხირხატიანი, ხშირად ძლიერ გადარეცხილი ნიადაგები
ზედაპირზე გაშიშვლებული კირქვებით. ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები გამოირჩევა მაღალი
ნაყოფიერებით და საუკეთესოა ვენახისათვის.
ქვემო ქართლის რეგიონში არის მრავალფეროვანი სპექტრი როგორც ნიადაგების, ისე
ვერტიკალური ზონალობის, რაც სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი განვითარების საშუალებას
იძლევა. მთლიან სავარგულებში (392462 ჰა), ათვისებულ კერძო სავარგულებს 28.6% (112244 ჰა)
უკავია, აქედან სახნავს - 24% (93269 ჰა), ხოლო 3,5% (13578ჰა) გამოუყენებელი სახნავია. დარჩენილი
მიწის ფართობების 50% (1994943 ჰა), ძირითადად, სათიბ-საძოვრად გამოიყენება.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017