ქვემო ქართლის ეკონომიკაში მრეწველობის სექტორს წამყვანი ადგილი უჭირავს და მისი წვლილი რეგიონში წარმოებულ დამატებულ ღირებულებაში 41%-ს შეადგენს. 18 ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის რეგიონში მრეწველობა, ძირითადად, მოიცავს წიაღისეულის მოპოვებას, მეტალურგიულ და ქიმიურ მრეწველობას, ცემენტის, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების წარმოებას, კერამიკის, მინისა და ფაიფურის დამზადებას, ენერგოგენერაციას და აგროწარმოებას. 2011 წელს ქვემო ქართლში იწარმოებოდა 65,3 ათასი უნცია ოქრო, 146,4 ათასი უნცია ვერცხლი, 40,2 ათასი ტონა სპილენძის კონცენტრატი, 0,9 ათასი ტონა ცემენტირებული სპილენძის კონცენტრატი, 1569,1 ათასი ტონა კვარციტის მადანი, 57 ათასი ტონა სილიციუმის ნედლეული, 0,7 ათასი ტონა პური და 0,1 ათასი ტონა ფქვილი. ქვემო ქართლის მთავარი სამრეწველო ცენტრებია რუსთავი, მარნეული, გარდაბანი და ბოლნისი.
თვითმმართველი ერთეულების მიხედვით, ძირითად მაპროფილებელ სამრეწველო პროდუქციას წარმოადგენს: რუსთავში - გადამამუშავებელი მრეწველობა, ბოლნისში - სამთო-მომპოვებელი მრეწველობა, გარდაბანში - ელექტროენერგიის წარმოება, მებოსტნეობა და მესაქონლეობა, მარნეულსა და წალკაში - სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, დმანისში - მესაქონლეობა და რძის პროდუქციის წარმოება, ხოლო თეთრიწყაროში - ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება.
2011 წელს ქვემო ქართლში მრეწველობის ბრუნვის მოცულობა 1698,8 მლნ ლარს, პროდუქციის გამოშვება 1590,5 მლნ ლარს, მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა 15326 ადამიანს, დასაქმებულთა საშუალოთვიური ანაზღაურება 767,8 ლარს, ხოლო ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 169,5 მლნ ლარს შეადგენდა. ამასთან, 2010 წელთან შედარებით, ბრუნვის მოცულობა 32,15%-ით, პროდუქციის გამოშვება 28,4%-ით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 11,9%-ით გაიზარდა. ამავდროულად, 19,3 ლარით შემცირდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ანაზღაურება, ხოლო 61,7 მლნ ლარით - ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა.
2011 წელს მრეწველობაში შექმნილი დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში 20,5%-ით გაიზარდა და მან 741,6 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, 2007-2011 წლებში სტაბილური დადებითი დინამიკა აღინიშნებოდა. 2007 წელთან შედარებით, მრეწველობაში შექმნილი დამატებული ღირებულება რეგიონში 68%-ით გაიზარდა. მრეწველობის დარგებიდან, რეგიონში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მძიმე და მომპოვებელი მრეწველობის დარგები, კერძოდ: ქ. რუსთავში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გარდა, ფუნქციონირებს რამდენიმე მსხვილი საწარმო, რომელთა პროდუქციაზე დიდი მოთხოვნილებაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მეზობელ სახელმწიფოებში. კარგად არის განვითარებული და გაფართოების პერსპექტივა აქვს აგრეთვე „რუსთავის აზოტს“, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს და ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია ქვემო ქართლში. შესაძლებელია მისი ტექნიკური გადაიარაღება და ახალი წარმოებების ამოქმედება, მათ შორის კაპროლაქტამის ნედლეულისა და კარბამიდის სასუქების მწარმოებელი ქარხნების ამუშავება.
ქვემო ქართლს აქვს პოტენციალი დაიკავოს წამყვანი ადგილი საქართველოს სამთომადნო მრეწველობაშიც. ამ ეტაპზე, სამთომადნო მრეწველობა, ძირითადად, ორიენტირებულია ფერადი და კეთილშობილი ლითონებისა და სამშენებლო მასალების მოპოვებაზე, რაც განპირობებულია აღნიშნული სახეობის სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის შედარებით მაღალი დონით და პროდუქციაზე საბაზრო მოთხოვნილების არსებობით. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე სამთო- გამამდიდრებელ კომბინატებში დღეისათვის მადნების დამუშავება კონცენტრატების დონეს გაცდა და უშუალოდ სასარგებლო კომპონენტების მიღება ხორციელდება (სპილენძი, ტყვია, თუთია, ბარიტი, ოქრო, ვერცხლი, კადმიუმი, გოგირდი, სელენი, ტელური, ინდიუმი, გერმანიუმი, თალიუმი, გალიუმი, მეორადი კვარციტები, რიოლითები, მეტასომიტური ქანები, სანაკეთო ქვები). გარდა აღნიშნულისა, ქვემო ქართლის რეგიონს აქვს მთელი რიგი სარეზერვო ობიექტები სპილენძისა და პოლიმეტალური საბადოებით, რომელთა სრულფასოვანი შესწავლა შემდგომ ძალისხმევას საჭიროებს.
რეგიონის სამრეწველო სექტორის განვითარებაში არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს სამშენებლო კერამიკის (დარბაზისა და პიტარეთის კაოლინის საბადოები), მინის ტარის (ადულარიანი მეტასომატიტები) და საფაიფურე (ბექტაკარის კვარციტები) ნედლეულის ათვისებამ და რეგიონში კერამიკული და მინის ტარის წარმოების განვითარებამ. მაღალი ეკონომიკური ეფექტის მიღებაა შესაძლებელი ლითოგრაფიული ქვის საბადოების ათვისებითაც. ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის 19 ნედლეულის მნიშვნელოვან სახეობად განიხილება რეგიონის თიხა-თაბაშირის (გაჯის) საბადოები. გაჯის საწარმოების არსებული სიმძლავრეების სრული დატვირთვის შემთხვევაში, იგი რეგიონის შემოსავალის ზრდის წყაროდ იქცევა. მხარისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსია მის ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვებიც, რომელთა მარაგი საკმაოდ დიდია.
ქვემო ქართლში ფუნქციონირებს ცემენტის ქარხნები. ეს დარგი განსაკუთრებით პერსპექტიულია მარნეულში და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, რადგან ცემენტის პროდუქციის გამოშვებისათვის საჭირო კომპონენტები ამ მუნიციპალიტეტებში გვხვდება. მართალია, უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა მრეწველობის სფეროს სტაბილური გაუმჯობესება, მაგრამ ის ჯერ კიდევ ბევრად სუსტადაა წარმოდგენილი რეგიონის რეალურ პოტენციალთან შედარებით. რეგიონის აქტივებისა და რესურსების გათვალისწინებით, ქმედითი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოლიტიკის პირობებში, ქვემო ქართლს მრეწველობის სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. აქტივებისა და რესურსების ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების სტიმულირებაზე მიმართული ძალისხმევა, ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მაქსიმალური წახალისება, ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემური ზრუნვა, საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, კაპიტალის ალტერნატიული ბაზრების ჩამოყალიბება და ზოგადად, სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების სათანადო გამოყენება გადამწყვეტ როლს შეასრულებს მრეწველობის სექტორის განვითარებაში. მათ შორის, ეს ეხება აზოტის ქიმიური კომბინატის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, ვაგონმშენებელი საწარმოს, ცემენტის და ლითონკონსტრუქციების საწარმოო სიმძლავრეების ზრდის პოტენციალს რუსთავში, აგრეთვე, მრავალფეროვანი სამთო ინდუსტრიის, მაღალი ხარისხის მინერალების მოპოვების და ენერგოგენერირების შესაძლებლობებს რეგიონში.
მრეწველობის შემდგომი ზრდა დამოკიდებულია არსებული სამრეწველო პოტენციალისა და მატერიალური აქტივების სრულ და ეფექტიან გამოყენებაზე. სამრეწველო აქტივებს შორის, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ისეთი მსხვილი ობიექტები, როგორიცაა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, აზოტის ქიმიური კომბინატი, ვაგონმშენებელი საწარმო, ცემენტის წარმოება და ლითონკონსტრუქციების საწარმო რუსთავში, თბოელექტროსადგური გარდაბანში, მადნეულის ოქროს საბადოები კაზრეთთან ბოლნისში.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017