საერთაშორისო ფესტივალ One Caucasus-ს, ქვემო ქართლის რეგიონი, წელს უკვე მეხუთედ მასპინძლობს.
ფესტივალის ოფიციალური გახსნა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში გაიმართა. ფესტივალის გახსნით კონცერტში საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ირანიდან ჩამოსული შემსრულეებლები და ჯგუფები ღებულობდნენ.
ფესტივალის გახსნის ცერემონიალს და კონცერტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
,,მისასალმებელია, რომ თქვენ, ახალგაზრდა შემსრულებლები, საკუთარ ქვეყანას და შემოქმედებას თავისუფალ გარემოში წარმოაჩენთ, ქმნით ახალ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტებს და ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო მეტად, უწყობთ ხელს ჩვენს რეგიონში არსებული მულტიკულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ინტეგრაციის პროცესს“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
One Caucasus-ის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის, საერთო კულტურული დიალოგის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თავისუფალი სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც განსხვავებული პროფესიისა და შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.
15 ქვეყნიდან ჩამოსული ფესტივალის მონაწილეები და ღონისძიების ორგანიზატორები, ასევე მოხალისეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე ერთი თვეა იმყოფებიან და ახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს განათლებისა და არქიტექტურის მიმართულებით. პროცესში ჩართული არიან უცხოელი ტრენერები და ადგილობრივი ახალგაზრდები.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017