რუსთავში, მეგობრობის გამზირის სკვერში ვაჟა-ფშაველას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ვაჟა-ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრნენ.
,, ვაჟას აქვს ასეთი თვისება, როცა ის მიდის ადამიანებთან, მიაქვს სიკეთე, სინათლე და ყველა ადამიანური თვისება, რითაც ადამიანი ადამიანურობას ინარჩუნებს. რამდენმა ადამიანმაც არ უნდა გაიაროს ამ ქუჩაზე, ყველას გაახსენდება ის სინათლე, სიკეთე და ადამიანობა, რაც ვაჟას აქვს, ამიტომ ვულოცავ ამ სინათლის კიდევ ერთი წყაროს შემოსვლას რუსთავს, ეს მართლაც დღესასწაულია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ლელა რაზიკაშვილმა.
ვაჟა-ფშაველას ბიუსტის ავტორი რუსთაველი მოქანდაკე და მხატვარი გიორგი ჩალაძეა. იგი რუსთავის მხატვართა გაერთიანება ,,გამას“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო. არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. გიორგი ჩალაძე თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ დაწესებულებებთან მოღვაწეობდა საბერძნეთში, სადაც შექმნა დიდი ზომის პანოები და გააფორმა სპექტაკლი სალონიკის თეატრში. მხატვარი აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში, არის სამი წიგნის ავტორი. გიორგი ჩალაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოში და საზღვარგარეთ.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017