რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში, 2008 წელს, რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა.
სპორტულ ღონისძიებას, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, ვახტანგ გზირიშვილის დედა მარინა გზირიშვილი და თანამებრძოლები დაესწრნენ.
„მე-7 საჯარო სკოლა არის ძალიან ამაყი იმ ისტორიით და იმ მაგალითებით, რომლებიც წლების განმავლობაში აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც არის ორი გმირის ამბავი, რომლებიც ქვეყნის ერთიანობის დაცვას შეეწირნენ, ესენი არიან ვახტანგ გზირიშვილი და კახაბერ თავგორაშვილი. დღეს ჩატარდა ვახტანგის სახელობის ტურნირი, ეს არის ყველაზე ჯანსაღი, ყველაზე საჭირო პროპაგანდა, იმისა თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენი გმირების თავდადებასა და ისტორიას, როგორ უნდა აღვზარდოთ ამ სულისკვეთებით ჩვენი მომავალი თაობები, როგორ არ უნდა მიეცეს ეს ამბავი დავიწყებას, რადგან ჩვენ, სწორედ ამ გმირობის ისტორიით მოვედით აქამდე“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირის ფინალში, ერთმანეთს მე-12ა და მე-12ბ კლასების გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველ ადგილზე გასულ 12ა კლასის გუნდს, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის გარდამავალი თასი, მეორე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს კი თავდაცვის სამინისტროს სპეციალური თასი გადაეცა.
ცნობისთვის, აგვისტოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი #7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, მისი სახელობის ტრუნირი სკოლის ინიციატივით, 2009 წლიდან ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე ტარდება.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017