საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულში, მოადგილეებთან, მხარის გუბერნატორთან და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მაია ცქიტიშვილმა რეგიონში უკვე დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები 100 მილიონ ლარს აჭარბებს.
სამინისტროს ცნობით, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს 11 საგზაო პროექტზე, რომლის ფარგლებში 63 კმ-ზე მეტი გზისა და 2 ხიდის რეაბილიტაცია მოხდება, მომავალ წელს კი დამატებით 22 პროექტი დაიწყება. 2019 წელს იგეგმება თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის დასრულება. მასშტაბურ პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
თბილისი-რუსთავის გზა აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას, თბილისიდან რუსთავამდე მანძილის დაფარვას კი 20 წუთი დასჭირდება.
რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.
მომავალ წელს იგეგმება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაცია.
„მომავალ წელს მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი გვაქვს 7 ახალი სკოლის მშენებლობა და 5 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, ხოლო 21 სოფელში ამბულატორიების შეკეთებაა გათვალისწინებული. პროექტებს შორის მინდა გამოვყო ტურისტული დანიშნულების ე.წ. გადაჭრილი გორა, სადაც 8 ათასი წლის წინანდელი ღვინის ნალექი აღმოჩნდა, რაც საქართველოს მეღვინეობის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. ამ მიმართულებით საინტერესო გეგმები გვაქვს. საგულისხმოა ისიც, რომ ბევრ პროექტში კონტრაქტორებს აქვთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ვალდებულება მშენებლობის პროცესში და სამუშო ადგილები იქმნება პროექტების დასრულების შემდეგაც. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაო, ყველა პროექტს აქვს სოციალური დატვირთვა და ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ქვემო ქართლში ასევე იგეგმება ცხოველთა თავშესაფრისა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა რუსთავში, მარნეულში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც საპიკნიკე სივრცეების, სველი წერტილებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017