შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრში ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
დღის ცენტრის ბენეფიციარებმა, სტუმრებს მუსიკალური სპექტაკლი ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ წარუდგინეს, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. „ძალიან ემოციური და ლამაზი დღეა. სანახაობრივად ძალიან საინტერესო წარმოდგენა იყო, რომელშიც დღის ცენტრის უნიჭიერესი ბავშვები ღებულობდნენ მონაწილეობას. ეს ყველაფერი ერთობლივი ძალისხმევით ხდება, ამ ცენტრში არის ხელმძღვანელობა და არიან პედაგოგები, რომლებიც დიდი სითბოთი და სიყვარულით აკეთებენ თავიანთ საქმეს“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, 2019 წლიდან შშმ პირთა დღის ცენტრის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ. ,,ამ ცენტრის თითვეულ თანამშრომელს მინდა ვუთხრა გულწრფელი მადლობა, ისინი მართლაც განსაკუთრებულად ზრუნავენ და საკუთარი შვილებივით უყვართ ის ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ სიყვარულსა და უფრო მეტ მზრუნველობას საჭიროებენ ჩვენგან“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
შშმ პირთა დღის ცენტრი, რუსთავში 20 წელია ფუნქციონირებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. დღის ცენტრში თერაპიურ კურსს გადის და ინკლუზიურ განათლებას 164 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარი იღებს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017