ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქვემო ქართლის რეგიონს 7 300 000 ლარი დაემატა, აღნიშნული თანხით, რუსთავში, თეთრიწყაროში, ბოლნისსა და დმანისში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
"ჩვენ 7 300 000 ლარი დაგვემატა რეგფონდიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს დამატებით რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორცილებთ. დღეს, სწორედ ეს პროექტები განვიხილეთ და მოვიწონეთ. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვემო ქართლისათვის 29 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, როგორც აღვნიშნე, დაგვემატა 7 მილიონ ლარზე მეტი და ჯამში 36 000 000 ლარი გვექნება. წელს, ეს თანხა არ იქნება საბოლოო, რადგან გაგვიორმაგდა სოფლის მხარდაჭერის პროექტის, სტიქიის პრევენციისა და სკოლების დაფინანსება. ძალიან ბევრი მიმართულებით, ისეთი პროექტებია, რომლებიც გამოსაყოფ თანხაში სრულად აისახება და ცენტრალური ბიუჯეტიდან, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისათვის ჯამში 55 000 000 ლარის ღირებულების პროექტები გვექნება შესასრულებელი", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
„საბჭოს წევრებმა, დღევანდელ სხდომაზე რეგიონის მასშტაბით უკვე დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს და სამუშაოების მიმდინარეობა შეაფასეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017