16 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოეწყობა საინფორმაციო ტური, რომელშიც რეგიონის ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურისტული კომპანიები, დამოუკიდებელი გიდები და მედია-ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
საინფორმაციო ტურის მიზანია, ქვემო ქართლში არსებული, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და თემით დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ინფორმირების ხელშეწყობა.
დღის განმავლობაში დაგეგმილია, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალისა და ნაქალაქარის დათვალიერება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში - ბოლნისის სიონის, წუღრუღაშენის, ელიას მთაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის, გერმანული უბნის, ღვინის მარნებისა და სასტუმროების მონახულება.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ჩართულია ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.
რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე ჩატარდა ტურისტული ფორუმი და პრაქტიკული-სამეცნიერო კონფერენცია, მოეწყო მედიატური. აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება უმაღლეს სასწავლო უნივერსიტეტებთან. რომლის ფარგლებშიც, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტები კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობენ ხელს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში, სფეროს განვითარების მიმართულებით, დაწყებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017