16 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, გიდებმა და მედია-ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს.
საინფორმაციო ტურის მონაწილეებმა, დღის განმავლობაში, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი დათვალიერეს და ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ელიას მთაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსი, გერმანული უბანი, ღვინის მარნები და სასტუმროები მოინახულეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და გიდები ასევე იმყოფებოდნენ ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტერში.
მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მადლობა გადაუხადა საინფორმაციო ტურის თითოეულ მონაწილეს და ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ჩართულია ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება. მხარეში უკვე ჩატარდა ტურისტული ფორუმი და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, მოეწყო მედიატური. აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება უმაღლეს სასწავლო უნივერსიტეტებთან. რომლის ფარგლებშიც, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტები კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობენ ხელს. დაწყებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017