22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისში, ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა - პლუს (EUWI+) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EaP)“ ფარგლებში, ხრამი-დებედას მდინარის აუზის მართვის გეგმის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა დაინტერესებულ მხარეებსა და ექსპერტებს შორის.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელიც ხრამი-დებედას აუზის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხსა და წყლის რესურსების არამდგრადი მოხმარების შესახებ.
ასევე ღონისძიების ფარგლებში ბოლნისის სკოლის მოსწავლეებს ევროკავშირის ექსპერტმა პრაქტიკული ინტერაქტიული სემინარი ჩაუტარა მდინარეში ჩაყრილი ნარჩენებისა და ეკოსისტემებზე მათი გავლენის შესახებ.
წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას წყლის რესურსებისა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოების ინფორმირებას თუ როგორ შეიძლება წყლის დაზოგვა და სუფთა წყლის დალევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის" (EUWI+) უერთდება წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოში, სადაც სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან და მდგრადი განვითარების პრინციპებთან.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია ჯავახიშვილი, წყლის რესურსების მართვის სამსახურის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017