გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ. მიმდინარე სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა მოინახულეს. პროექტის დასრულების შემდეგ, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა და გარე განათების სისტემები მოეწყობა. ასევე აშენდება 120 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სააღმზრდელო დაწესებულება. გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017