’BUSINESS GEORGIA’’-ს ორგანიზებით, ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოსა’’ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რუსთავში ქვემო ქართლის ბიზნესფორუმი გაიმართა. ბიზნესფორუმში ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები, მსხვილი ინვესტორები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა მხეიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასა და ჟურნალ ‘’BUSINESS GEORGIA’’-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და ‘’BUSINESS GEORGIA’’-ს გენერალურმა დირექტორმა, ანა გოგიშვილმა მოაწერეს. ფორუმის მონაწილეებმა კომერციული სექტორის საქმიანობისთვის რეგიონში არსებულ რესურსებზე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობისა და ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზეც, კერძოდ, თბილისი-ერევნისა და ახალქალაქი-მარაბდის სარკინიგზო მაგისტრალების მნიშვნელობაზე. ბიზნესფორუმზე განიხილეს რეგიონის განვითარების გეგმა, სამთავრობო ხელშეწყობა და ბიზნეს აქტივობების დეცენტრალიზაციის დონე, საერთაშორისო მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების პროგრამები, ასევე მრეწველობის განვითარების კუთხით დარგობრივი პრიორიტეტები რეგიონისთვის, ბიზნეს განათლების, ადამიანური რესურსებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების საკითხები. ეს არის მეორე რეგიონული ფორუმი, რომელიც ‘’BUSINESS GEORGIA’’-ს ორგანიზებით ჩატარდა. პირველი შეხვედრა ორი თვის წინ, მცხეთაში გაიმართა. ბიზნესფორუმის მიზანს საქართველოს მასშტაბით, რეგიონული განვითარების ხარისხის გაზრდა, ასევე, რეგიონების საინვესტიციო პოტენციალით ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესება წარმოადგენს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017