ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლნური ღვინის პოპულარიზების მიზნით, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე, საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია გამართა, სადაც 20 საოჯახო მარნის 40 სახეობის ღვინო იქნა წარმოდგენილი.
ღონისძიება ელიას მთის კალთაზე, პირველი ვაზის დარგვის ცერემონიით დაიწყო. მოწვეულმა სტუმრებმა სიმბოლურად თითო ვაზის ნერგი დარგეს.სტუმრებს სიტყვით ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიმართა, რომელმაც ბოლნური ღვინის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მერის განცხადებით „ბოლნისის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნია ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხით. მოგეხსენებათ ქალაქი ბოლნისი გერმანელების მიერ დაარსებული ქალაქია, სადაც შემორჩენილია გერმანული სახლები უნიკალური სარდაფებით, წლის განმავლობაში გერმანულ მარნებში ტემპერატურა 14-18 გრადუსს აღწევს. სწორედ ამ სარდაფებში ხდება ბოლნისური ღვინოების დაყენება, რომლებიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებითა და არომატებითაა გამორჩეული და პოპულარობას დღითიდღე იძენენ. ყოველწლიურად იზრდება ბოლნისში საოჯახო მარნების რაოდენობა. თუკი რამდენიმე წლის წინ აქ ქვევრის ღვინოს წარმოება არ ხდებოდა, ახლა სურათი რადიკალურად იცვლება, რაც ბოლნისის ეკონომიკური განვითარებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს ბოლნისში მეღვინეობის განვითარებას, ასევე აღსანიშნავია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმები, ბოლნისი ხომ ისტორიული ძეგლების სიმრავლითა და ლამაზი ბუნებით გამოირჩევა".
მოწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა.
ტრადიციულად ბოლნისში წარმოებული ღვინო განკუთვნილი იყო როგორც საქართველოს, ასევე უცხოური ბაზრისთვის.
წყარო : ბოლნისის მუნიციპალიტეტი
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017