ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად რუსთავის სამხატვრო სკოლა ,,არტ კერას“ სტუმრობდა და საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრებს გაეცნო.
ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსის - ,,დამიხატე მშვიდობა’’ გამარჯვებული მოსწავლეები - ქეთევან სურმავა და ეკატერინე სეხნიაშვილი გახდნენ.
კონკურსი საერთაშორისო ორგანიზაცია CLUB DE-CHANC ის ინიციატივით ყოველწლიურად ხორციელდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის 3000-მდე წარმომადგენლები მონაწილეობს.
წელს ფინალურ ეტაპზე შეირჩა 50 საუკეთესო ნახატი, მათ შორის, რუსთავის სამხატვრო სკოლა ,,არტ კერას’’ მოსწავლეების ნამუშევრები.
გრიგოლ ნემსაძემ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვა. გუბერნატორმა ბავშვების დახმარებით საავტორო ნამუშევარიც შექმნა.
,,ქვემო ქართლის რეგიონი გამოირჩევა წარმატებული ახალგაზრდების სიმრავლით. მოხარული ვარ, რომ დღეს, ორი უნიჭიერესი რუსთაველი გოგონა გავიცანი, რომლებმაც ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს. მიუხედავად მათი ასაკისა ბავშვებმა საკუთარი შემოქმედებით შეძლეს და საუკეთესო ნაშრომები შექმნეს მშვიდობის თემაზე. ეს საკითხი არასდროს კარგავს აქტუალობას და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო კონკურსი სახელწოდებით ,,დამიხატე მშვიდობა“ სწორედ ამ თემას მიეძღვნა. ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები, კიდევ უფრო მეტად, შეუწყობს ხელს მშვიდობიანი და ტოლერანტული გარემოს შექმნას მსოფლიოში. მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს და სამხატვრო სკოლის პედაგოგს, ქალბატონ დარეჯან ნოზაძეს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ“- განაცხადა გუბერნატორმა.
წყარო: ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017