საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებს წარუდგინა. რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შვიდივე მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტში ქვემო ქართლიდან მაჟორიტარი დეპუტატები და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, შოთა რეხვიაშვილს კარგად იცნობს, მის მიმართ მაღალი ნდობა აქვს და დარწმუნებულია, რომ დაკისრებულ მოვალეობას ის თავს კარგად გაართმევს.
,,გასაკეთებელი არის გაცილებით ბევრი და დარწმუნებული ვარ, რომ შოთა რეხვიაშვილი შეძლებს ამ ყველაფერს მისცეს სწორი გეზი და მიმართულება. მთავარი დავალება, ყველგან ერთი და იგივეა გუბერნატორისთვის, ახლებისთვისაც და მათთვისაც, ვინც დარჩა - მაქსიმალური, ყოველდღიური კომუნიკაცია ხალხთან, ყოველი ადამიანის, მოქალაქის, ყოველი ოჯახის პრობლემა უნდა იყოს მათი პრობლემა და უნდა იყვნენ ხიდი მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და გამაერთიანებელი რგოლი, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტს დააკავშირებს ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, რომ შოთა რეხვიაშვილი ამის გაკეთებას შეძლებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლის რეგიონს კარგად იცნობს. „ძალიან კარგად იცნობს რეგიონს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში აქ მუშაობდა ძალიან მაღალ თანამდებობაზე. მე პირადად ძალიან კარგად ვიცნობ და მის მიმართ მაღალი ნდობა მაქვს, იმიტომ, რომ ბოლო 4 წელი ვმუშაობდით ერთად. კარგად ვიცი მისი დამოკიდებულება საქმისადმი და მისი დამოკიდებულება ადამიანისადმი. ჩვენი საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენისთვის - დევნილებისთვის, საათობით შეეძლო მოესმინა, გაეთავისებინა მათი პრობლემები, მათი ტკივილი და გადაწყვეტის გზებზე ეფიქრა და ბევრი რამეც გადაუწყვეტია“, - დასძინა სოზარ სუბარმა.
ქვემო ქართლის ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ნდობისთვის. ,,აქ არის ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ განვავითაროთ ეკონომიკა და რეალურად გაუმჯობესება აისახოს ხალხზე ძალიან მოკლე ვადებში. რეგიონში არის სპეციფიკა, ქვემო ქართლში არის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული მრავალფეროვნება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია, თუმცა გვაკლია მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილთან გამართული კომუნიკაცია, ამის დაბრკოლებაა სახელმწიფო ენის არცოდნა. ახალგაზრდობა უფრო მეტი ინტენსივობით უნდა ჩაერთოს, უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ მათ, სახელმწიფოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. ამას სჭირდება ენა, ამას სჭირდება კომუნიკაცია, ამას სჭირდება ჩვენი კულტურული იდენტობის გაგება. ეს არის იმდენად გლობალური და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩემთვის ყველაფერთან ერთად.
რეგიონში პრობლემები არის ზოგადად, ის, რაც უკავშირდება ეკონომიკას, რაც უკავშირდება შემოსავლებს. აქ არის ინდუსტრიული ცენტრები, მძიმე მრეწველობის, ქიმიური მრეწველობის, ძალიან ბევრი საწარმო და ქარხანა, ბუნებრივი რესურსები და ეს პრობლემები არ იქნება, თუ სწორად გამოვიყენებთ ამ პოტენციალს“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017