რეგიონის შესახებ


ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. რეგიონს
დასავლეთით ესაზღვრება სამცხე-ჯავახეთი, ჩრდილოეთით - თბილისი, შიდა ქართლი და მცხეთა-
მთიანეთი, აღმოსავლეთით - კახეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანის რესპუბლიკა,
ხოლო სამხრეთით - სომხეთის რესპუბლიკა. ქვემო ქართლის ფართობია 6,5 ათასი კვ.კმ., ქვეყნის
ტერიტორიის 9,3%. რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა 511,2 ათასია, რაც საქართველოს
მოსახლეობის 11,4%-ს შეადგენს. რეგიონში შედის 347 დასახლებული პუნქტი - 7 ქალაქი, 6 დაბა
და 334 სოფელი. რეგიონის მოსახლეობის 39% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 61%
სოფლებში. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება დმანისის მუნიციპალიტეტის 19 (1500 მ-ზე ზევით),
წალკის მუნიციპალიტეტის 46 (1500 მ-ზე ზევით) და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 35 სოფელი
(1300 მ-ზე ზევით). მოსახლეობის 44,7% ეთნიკურად ქართველია, 45,1% - აზერბაიჯანელი, 6,4% -
სომეხი, ხოლო 3,8% - აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი. ამასთან, რუსთავსა და
თეთრიწყაროში ჭარბობს ეთნიკურად ქართული, წალკაში - სომხური და ბერძნული, ხოლო გარდაბანში,
მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში - აზერბაიჯანული მოსახლეობა. მოსახლეობის სიმჭიდროვე
რეგიონის ტერიტორიაზე შეადგენს 128 ადამიანს კვ.კმ-ზე. ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედებს 7
თვითმმართველი ერთეული: თვითმმართველი ქალაქი რუსთავი და ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის,
თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები. რეგიონალურ დონეზე სახელმწიფოს
აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, რომლის
ადმინისტრაცია ქ. რუსთავშია განთავსებული. ქ. რუსთავი უშუალოდ ესაზღვრება ქვეყნის დედაქალაქს
- თბილისს. ქვემო ქართლის სიახლოვე ქ. თბილისთან, თბილისის აეროპორტთან და აზერბაიჯანისა
და სომხეთის რესპუბლიკებთან, მისი მდებარეობა სატრანსპორტო კორიდორების გადაკვეთისა და
აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოკორიდორის ზონაში და ურბანიზაციის მაღალი დონე რეგიონს
განვითარების კარგ შესაძლებლობას უქმნის.
ქვემო ქართლის რეგიონი მოქცეულია ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელებს შორის. რელიეფის
თავისებურების გამო, რეგიონის ჰავა საკმაოდ მშრალია. ქვემო ქართლის ბარის ნაწილი მიეკუთვნება
ნახევრად ზღვიურ, საკმაოდ ზომიერ კონტინენტური ჰავის ტიპს. რეგიონის შუა სარტყელში ჰავა
შედარებით გრილი და ნესტიანია. კიდევ უფრო მაღლა გამეფებულია სუბნივალური ჰავა.
ქვემო ქართლი მდიდარია წიაღისეული რესურსებით, რომელთა პოტენციალი მხოლოდ
ნაწილობრივ არის ათვისებული. რეგიონში შესაძლებელია ქარის, მზის და ბიოგაზის ენერგეტიკული
პოტენციალის ათვისება, რაც შეეხება ბუნებრივ რესურსებს რეგიონი მდიდარია წყლის რესურსებით
მდინარეებით, ტბებით, მიწისქვეშა მტკნარი წყლებით. საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით,
მცირეა მინერალური წყლის(მხოლოდ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არის მინერალური
სამკურნალო მჟავე და გოგირდოვანი წყლები) და თერმული წყლის რესურსები. აღსანიშნავია
ტრანსსასაზღვრო მნიშვნელობის მდინარე მტკვარი და მისი შენაკადები. რეგიონში არსებული
წყლის რესურსები, ძირითადად, ეფექტიანადაა გამოყენებული. 2011 წლის წყალაღების მონაცემების
თანახმად, ბუნებრივი წყლის ობიექტებიდან (მიწისქვეშა და ზედაპირული წყალი) წყლის აღებამ
451,75 მლნ კბმ, ხოლო გამოყენებული ახალი წყლის რაოდენობამ 438,07 მლნ კბმ შეადგინა. მათ
შორის სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებულ იქნა - 2%, ჰიდროენერგეტიკაში - 30%,
სამრეწველო დანიშნულებით - 55%, სარწყავად - 11,7%, სასოფლო–სამეურნეო წყალმომარაგების
მიზნით - 0,7%, ხოლო დანარჩენი - თევზის სატბორეებისათვის და რეკრეაციული დანიშნულებით.
ქვემო ქართლის რეგიონში სულ 31 საშუალო და დიდი ზომის მდინარე ჩამოედინება. მათი საერთო
სიგრძე დაახლ. 900 კმ-ია. რეგიონში 15 ტბაა (საერთო სარკის ფართობით - 18 კმ2), რომლებიც,
ძირითადად, რეკრეაციული დანიშნულებით, ირიგაციაში და თევზჭერისათვის გამოიყენება.

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

მისამართი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა 4/7
ტელეფონი: +995 341 22 92 29
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge