სოფელ იმირში მდებარე არქეოლოგიური ძეგლი „გადაჭრილი გორა“ კიდევ ერთხელ მოექცა სახელმწიფო და პროფესიული წრეების ყურადღების ცენტრში.
2026 წლის 5 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერ დაურ ისმაილოვთან ერთად, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ობიექტს ადგილზე გაეცნო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია,
ვიზიტის დროს წარმოდგენილი იყო არქეოლოგიური კვლევების მიმდინარე ეტაპი და სამუზეუმო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძეგლის სამომავლო განვითარებას, ტურისტული ფუნქციის გაძლიერებასა და მისი საერთაშორისო მნიშვნელობის წარმოჩენას.
„გადაჭრილი გორა“ მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს — სწორედ აქ არის აღმოჩენილი ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი კვალი, რომელიც დაახლოებით 8000 წელს ითვლის. აღნიშნული აღმოჩენა მარნეულს არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ კულტურულ რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არქეოლოგები და დარგის სპეციალისტები.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017