2026 წლის 13 მარტს, ბოლნისის მუზეუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ თეა ონიანსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძეს შორის.
შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია ესწრებოდა.
შეხვედრა შეეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარების საკითხებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო სააგენტოს საქმიანობა და ის სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებზე მშენებლობასა და დაგეგმარებას ეხება.
საუბარი ასევე შეეხო ძეგლების მოვლისა და რეაბილიტაციის პროცესში უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, წარადგინა „ქვემო ქართლის საგანმანათლებლო-ტურისტული კლასტერის კონცეფცია“, რომლის ფარგლებში განიხილეს რეგიონის ტურისტული პოტენციალი, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაათვალიერეს ბოლნისის გერმანული უბანი და იმსჯელეს მისი რეაბილიტაციის პერსპექტივებზე, რაც ქალაქის ტურისტული განვითარებისათვის მნიშვნელოვან შესაძლებლობად განიხილება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ დიაკონიძე, მისი მოადგილე შალვა მესხი, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017